გენერალმა სტივენ უაიტინგმა განაცხადა, რომ ამერიკულ ძალებს უკვე ესაჭიროებათ როგორც კინეტიკური, ისე არაკინეტიკური საშუალებები კოსმოსში მტრის ობიექტებზე ზემოქმედებისთვის.
საუბარია არა მხოლოდ თანამგზავრების ფიზიკურად განადგურების შესაძლებლობაზე, არამედ კავშირგაბმულობის ჩახშობაზე, კიბერშეტევებზე, ოპტიკის ლაზერით დაბრმავებასა და კოსმოსური სისტემების დროებით ან სამუდამოდ მწყობრიდან გამოყვანის სხვა გზებზე.
უაიტინგის თქმით, თანამგზავრებს უნდა შეეძლოთ „სროლა, მანევრირება და მონაცემთა გაცვლა“ ზუსტად ისე, როგორც შეიარაღებული ძალების დანარჩენ კომპონენტებს, რადგან კოსმოსში დიდი ომის შემთხვევაში ორბიტა უსაფრთხო გარემო აღარ იქნება.
მთავარ ფაქტორად, რომელიც აშშ-ს ასეთი მიდგომისკენ უბიძგებს, ჩინეთი და მისი კოსმოსური ექსპანსიის გეგმები რჩება.
პენტაგონში ყურადღებას ამახვილებენ ჩინური სატელიტური დაჯგუფების სწრაფ გაფართოებასა და უკვე არსებულ ანტისატელიტურ საშუალებებზე, მათ შორის ხმელეთიდან გასაშვებ რაკეტებზე, ლაზერებზე, რებ-ის სისტემებსა და ორბიტაზე მანევრირებად აპარატებზე.
ცალკე პრიორიტეტად იქცევა ბრძოლა ასობით ან ათასობით თანამგზავრისგან შემდგარ განაწილებულ დაჯგუფებებთან, სადაც თითოეული აპარატის ცალკეული რაკეტით განადგურებას პრაქტიკულად აზრი არ აქვს.
ამიტომ აშშ უფრო მასშტაბირებად ვარიანტებს განიხილავს, პირველ რიგში კიბერიარაღსა და მიმართულ ენერგიას, რომელთაც შეუძლიათ ერთდროულად იმოქმედონ ასეთი კოსმოსური ქსელის მთელ სეგმენტებზე.



